ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

IOM-მა ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სასაზღვრო დაკვირვების მოწყობილობები გადასცა

ღონისძიებაზე, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირმა, პროექტის განმახორციელებელ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად სამინისტროს გადასცა 80 ერთეული მოწინავე სასაზღვრო კონტროლისა და დაკვირვების კამერა. აღნიშნული კამერები მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს რეალურ დროში დააფიქსირონ უკანანო მოძრაობა საზღვარზე და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები მის აღსაკვეთად.

მოწყობილობები ინტეგრირებული იქნება მწვანე საზღვარზე არსებულ სასაზღვრო დაკვრივების სისტემაში. მოძრაობის დაფიქსირებისას, კამერა ავტომატურად იღებს ფოტოს ან ვიდეოს, რომელიც იგზავნება შესაბამის დანაყოფში. კამერას გააჩნია დატენვადი ელემენტი, რომელსაც ერთ დატენვაზე ათასობით ფოტოს ან ვიდეოს გადაღება შეუძლია. დანადგარი და მისი ელემენტი ასევე დაცულია წყალგაუმტარი საფარით.

აღნიშნული მოწყობილობები წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობას მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროსთვის უკვე გადაეცემა 10 მილიონი ევროს (34 მილიონი ლარი) ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობა.

ევროკავშირის დახმარებით, უკანასკნელ წლებში გაძლიერდა შსს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო დაკვირვების შესაძლებლობები, რომლის ფარგლებშიც მწვანე საზღვრის საკვანძო მონაკვეთები აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებით, რაც მესაზღვრეებს საზღვარზე უკანონოდ გადაადგილების გამოვლენის საშუალებას აძლევს.

“ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული ტექნიკა, საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდნენ უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.