ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

უვიზო მიმოსვლა ევროკავშირს და საქართველოს აახლოებს

თბილისი—მესამე წელია რაც საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელშეკრულებით სარგებლობს, რამაც, როგორც ეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კონფერენციაზე გაჟღერდა, საშუალება მისცა ნახევარმილიონ საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ემოგზაურა.  

ევროკავშირს და საქართველოს შორის მოქმედი სქემის წარმატებულად შეფასების მიუხედავად, სახეზეა საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების მეტად დიდი რაოდენობა - 2017 წელს 12,600-მა, ერთი წლის შემდეგ კი 20,000-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში. 2019 წელს ეს რაოდენობა სავარაუდოდ 21,000-მდე გაიზრდება. ამასთან, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების გააქტიურების გამო.  

იმის ნაცვლად, რომ მოხდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესება, ევროკავშირი და პარტნიორები ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოს გამგზავრებამდე შენგენის ზონის სასაზღვრო კოდექსის მკაცრი გამოყენების მიმართულებით. 

IOM-ის და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით ამ კვირაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თბილისში, სადაც პოლიტიკოსებმა და პრაქტიკოსებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან და საქართველოს მთავრობიდან განიხილეს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების უკეთ დაკმაყოფილების ხელშეწყობის გზები.  

“კონფერეციამ აჩვენა მიგრაციის ყოვლისმომცველი და კომპლექსური ხასიათი და ჩვენი მოხარულნი ვართ, რომ ვმონაწილეობთ ამ პროცესში, რადგან ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, ევროკავშირთან და მიგრაციის მართვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო პარტნიორებთან," აღნიშნა IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. 

შეხვედრაზე მონაწილეებმა ასევე გაინიხილეს ის ოპერატიული სირთულეები, რაც ახლავს ქუთაისის აეროპორტიდან (საქართველოში დატვირთულობის მიხედვით მეორე აეროპორტი) დაბალბიუჯეტიანი ფერენების გაზრდილ რაოდენობას. 

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით “ნათლად ჩანს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, რადგან მან ევროკავშირი და საქართველო ერთმანეთთან დაახლოვა." მისი ზოგადი შეფასებით, საქართველო გამოხატავს მზაობას, რომ ითანამშრომლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან უკანონო მიგრაციის შემცირების მიმართულებით. თუმცა, ყველა მონაწილე თანხმდება იმაზე, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო.  

კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა აღნიშნა, რომ "დროებითი შრომითი მიგრაციის სქემები შეიძლება იყოს საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით გაზრდილი უკანონო მიგრაციის პრობლემის გადაჭრის გზა, თუ მსგავსი ცირკულარული მიგრაციის სქემები კარგად იქნება ორგანიზებული." 

კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული IOM-ის პროექტის ფარგლებში - "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა".