ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ტრენინგების ციკლი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გრძელდება

11 და 12 ივლისს, IOM-ის ინიციატივით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქ. ქუთაისში ჩატარდა მორიგი ტრენინგები თემაზე „მიგრაცია და ადგილობრივი განვითარება“. ტრენინგს დაესწრნენ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები. მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი განვითარებისათვის მიგრაციის პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აქტივობებზე, რომლებმაც უნდა მოამზადოს საფუძველი რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში მიგრანტების ჩასართავად.

ტრენერმა მონაწილეებს გააცნო IOM-ის მიერ მომზადებული „საინვესტიციო შესაძლებლობების აღწერის გზამკვლევი“, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმარება საინვესტიციო შესაძლებლობების (მათ შორის, მცირე და საშუალო) მარტივად და უნიფიცირებული ფორმით აღწერაში. კერძოდ, აღწერა უნდა მომზადდეს იმდაგვარად, რომ მან პოტენციურ ინვესტორს:

ა) წარმოდგენა შეუქმნას არსებულ საინვესტიციო აქტივებზე;

ბ) დაეხმაროს ინვესტირების შესაძლებლობების იდენტიფიკაციაში;

გ) ასტიმულიროს კონკრეტული ბიზნეს-იდე(ებ)ის გენერირება;

დ) გაუმარტივოს ინვესტირებაზე გადაწყვეტილების მიღება.