ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საქართველო საერთაშორისო სტანდარტებით ავიახაზებისგან მგზავრთა მონაცემების შეგროვებაზე მუშაობას იწყებს

2019 წლის 15-16 მაისს IOM-მა წინანდალში შეკრიბა მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის სისტემის (API) განვითარებით დაინტერესებული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მოხდა API სფეროში მოქმედი მომსახურების მიმწოდებლების მიერ 2019 წლის 2-3 აპრილს წარდგენილი შეთავაზებების განხილვა. ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მანძილზე მონაწილეებმა ასევე განიხილეს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანეს საქართველოში API / PNR პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ორი კანონმდებლობა - “ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემების (API) და მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) მონაცემების მიწოდების წესი“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი“. შეხვედრას უძღვებოდნენ IOM-ის ინტეგრირებული საზღვრის მართვის უფროსი ექსპერტი და IBM პროექტის კოორდინატორი ბატონი ჯეისონ კლარკი და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექპერტი მგზავრთა წინასწარი მონაცემების სფეროში ბატონი ენდრიუ პრისტლი.

მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის პროექტი საშუალებას მისცემს სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს აეროპორტში ჩაატარონ მგზავრების შემოწმება ჩამოსვლისას და გამგზავრებისას, რაც გააძლიერებს უსაფრთხოებას, გააუმჯობესებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას  და მგზავრთა გამტარიანობას.

აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება  IOM-ის პროექტის ფარგლებში "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა", რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.