ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საქართველო და ბანგლადეში განიხილავენ თანამშრომლობას მოქალაქეთა დაბრუნების მართვის მიმართულებით

2 და 3 მაისს საქართველოს ეწვია ბანგლადეშის სამთავრობო დელეგაცია. ვიზიტის მიზანი იყო მიგრანტთა დაბრუნების პირობების განხილვა. დელეგაცია შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაეცნო რეადმისიის სფეროში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გამოცდილებას.

ვიზიტის ფარგლებში ბანგლადეშის დელეგაციის ძირითადი მიზანი იყო გაცნობოდა საქართველოს გამოცდილებას რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის განვითარების და მართვის მიმართულებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 7 წლის მანძილზე IOM-ის მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ჩამოაყალიბა. აღნიშნულმა სისტემამ, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით რეადმისიის მართვის საუკეთესო პრაქტიკად ითვლება, ევროპის და აზიის ქვეყნების მხრიდან დიდი ინტერესი დაიმსახურა. 

საქართველო-ევროკავშირის რეადმისიის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოდან მესამე ქვეყნის მოქალაქეების რეადმისიასაც და შესაბამისად, ავალდებულებს საქართველოს აღნიშნული მიმართულებით ითანამშრომლოს წარმოშობის ქვეყნებთან. 2013 წლიდან საქართველო დაბრუნების მართვის სფეროში თანამშრომლობის წინადადებით მიმართავს აზიის და აფრიკის ქვეყნებს, თუმცა, დღემდე ინფორმაციის გაცვლის და ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით აღსანიშნავი შედეგები არ ჩანს. პროცესის ხელშეწყობის მიზნით IOM-მა საქართველოს მთავრობას შესთავაზა ექსპერტიზა და ოპერატიული მხარდაჭერა დანიშნულების ქვეყნებში. ბანგლადეშის დელეგაციის ვიზიტამდე 2018 წლის ივნისში საქართველოს იგივე მიზნით შრი-ლანკას დელეგაცია ეწვია. მომავალში, IOM აღნიშნული მიმართულებით ვიზიტებს ისევ დაგეგმავს.   

ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა".