ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საქართველოს მთავრობა ევროკავშირში კანონიერი შრომითი მიგრაციის სქემებს პრიორიტეტს ანიჭებს

პირველ მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში კანონიერი შრომითი მიგრაციის სქემების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონიერი შრომითი მიგრაციის შესაძლებლობების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებში, რომლებიც შენგენის ზონაში შედიან. ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ბოლო წლების მანძილზე ჰქონდათ საშუალება გამგზავრებულიყვნენ უვიზოდ, თუმცა არა დასაქმების მიზნით.
 
უკანასკნელი რამოდენიმე წლის მანძილზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია  გარკვეული უნარების მქონე სამუშაო ძალის დასაქმების მიზნით ხელს უწყობს პოლონეთში ოფიციალური კავშირების ჩამოყალიბებას. აღნიშნული საქმიანობის პილოტური ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ IOM ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით შრომითი მიგრაციის სქემების გაფართოებაში, რომ უფრო ბევრ საქართველოს მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობებით ევროკავშირში.  
 
აღნიშნული ორმხრივი თანამშრომლობა მოიცავს სამინისტროს, განსაკუთრებით კი დასაქმების საკითხებზე მომუშავე სოციალური მომსახურების სააგენტოს, თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. საქმიანობების ფინანსური მხარდაჭერა მოხდება ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ნოემბერში დაიწყო და 2020 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.
 
დამატებითი მიმოხილვისთვის ეწვიეთ:
http://moh.gov.ge/ka/news/3934/
http://migration.commission.ge/index.php?article_id=303&clang=0
http://agenda.ge/news/96584/eng