ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საგარეო საქმეთა სამინისტროს და IOM-ს შორის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება

2020 წლის 24 ივნისს IOM-მა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელო საკონსულო ოფიცრებისთვის. სახელმძღვანელო მოიცავს ყველა იმ ძირითად ინფორმაციას, რაც აუცილებელია საზღვარგარეთ მყოფი საკონსულო ოფიცრებისთვის ტრეფიკინგის მსხვერპლი პირების გამოსავლენად და საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

სახელმძღვანელო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" პროექტის ფარგლებში შემუშავდა და მას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლების ტრენინგისთვის გამოიყენებს. ტრენინგი საშუალებას მისცემს სამინისტროს აამაღლოს საკონსულო ოფიცრების ცნობიერება იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რაც მათ დაუცველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა აღმოუჩინონ. აღნიშნული აქტივობა მთავრობის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია. 

ევროკავშირის მხარდაჭერით ბოლო წლების მანძილზე IOM უზრუნველყოფს მიზანმიმართულ მხარდაჭერას საქართველოს სხვადასხვა სამინისტროებისთვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. აღნიშნულის გარდა, IOM საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან რეადმისიის და IT სფეროს მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობს, რაც უზრუნველყოფს ელექტრონული საკონსულო მხარდაჭერის პორტალის www.geoconsul.gov.ge ეფექტიან ფუნქციონირებას. 

გადაცემის ცერემონისს შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ