ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

საგამომძიებლო გასაუბრების უნარების ტრენინგი მესაზღვრე ოფიცრებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ორგანიზება გაუკეთა საგამომძიებლო გასაუბრების უნარების ტრენინგს მესაზღვრე ოფიცრებისთვის. ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს ორ მთავარ აეროპორტში მგზავრთა უფრო ეფექტიანი შემოწმების ხელშეწყობა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის 'საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა' ფარგლებში, IOM-მა მოიწვია პოლონეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი, რომელმაც თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 მესაზღვრე ოფიცერს ტრენინგი ჩაუტარა. 

ორდღიანი კურსი ძირითადად პრაქტიკული და ჯგუფური სავარჯიშოებისგან შედგებოდა. თუმცა, მონაწილეებმა ასევე მიიღეს თეორიული ინფორმაცია გასაუბრების სხვადასხვა მოდელებსა და მეთოდოლოგიაზე, მაგ. როდის შეიძლება გასაუბრების სხვადასხვა მეთოდების და შესაბამისი საერთშორისო კარგი პრაქტიკის გამოყენება.

ტრენინგის მონაწილეებისთვის პრაქტიკული სავარჯიშოები განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ისინი მოიცავდა იმ ელემენტებს, რომლებსაც მესაზღვრეები ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ. სავარჯიშოების დახმარებით მონაწილეები სხვადასხვა როლურ თამაშებში ჩაერთვნენ. 

ზოგადად, მონაწილეებმა კურსი დადებითად შეაფასეს. ევროკავშირის მხარდაჭერით, IOM-მა პოლონეთის მთავრობა მსგავს მაღალი დონის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებში ადრეც ჩართო, მაგალითად, ჩატარდა ნარკოტიკული ნივთიერებების და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების კურსი, რომელიც ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობამ.