ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

რისკების მართვა მონაცემების ეფექტიანი ანალიზის საშუალებით

2019 წლის 9-12 აპრილის პერიოდში საქართველოს ესტუმრენ მონაცემთა ანალიზის და რისკის მართვის ექსპერტები გერმანიის საბაჟო სამსახურის რისკების ანალიზის განყოფილებიდან და საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის ინტენსიური ტრენინგი ჩაატარეს. 

ოთხდღიანი კურსის მანძილზე, რომელიც შემოსავლების სამსახურის ტრენინგ ცენტრში, ორხევში, ჩატარდა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გერმანიის საბაჟო და რისკების ანალიზის განყოფილების და რისკების მართვის სისტემის შესახებ. ტრენერებმა ისაუბრეს რისკების ანალიზის სხვადასხვა კონცეფციებზე და პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით მოახდინეს საკუთარი სამუშაო გამოცდილების დემონსტრირება. ტრენინგის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის მეთოდები, რომლებსაც გერმანელი კოლეგები მონაცემთა ბაზების ანალიზისთვის და რისკების პროფილების შესაქმნელად იყენებენ. 

ვიმედოვნებთ, რომ ექსპერტები საქართველოში კიდევ ერთხელ დაბრუნდებიან და ჩაუტარებენ ტრენინგს შემოსავლების სამსახურის იმ ანალიტიკოსებს, რომლებმაც ამ ტრენინგში მონაწილეობა ვერ მიიღეს. შემდეგი ტრენინგის ფარგლებში ასევე დაიგეგმება ვიზიტი ერთ-ერთი სასაზღვრო გამტარი პუნქტის საბაჟო პოსტზე, რაც საშუალებას მისცემს ტრენერებს დააკვირდნენ ანალიტიკოსების სამუშაო პროცესს და უკეთ უპასუხონ არსებულ გამოწვევებს.   

ტრენინგი ჩატარდა IOM-ის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)" ფარგლებში.