ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

რეადმისიის საქმეების მართვის სისტემის გამოყენების ტრენინგი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის

2020 წლის 15 ივლისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG პროექტის ფარგლებში, რომელსაც IOM ახორციელებს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრენინგი ჩაატარა საკონსულო და IT დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რომლებიც რეადმისიის საქმეების მართვის სისტემას იყენებენ. სისტემა საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის და IOM-ის მხარდაჭერით, ბოლო 10 წლის მანძილზე განავითარა. ის წარმოადგენს საქართველოს იმ მოქალაქეების საქმეების მართვის ინოვაციურ ინსტრუმენტს, რომლებიც ევროკავშირში უკანონოდ იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნება უწევთ.

შეხვედრას უძღვებოდა IOM-ის კონსულტანტი გიორგი გრიგალაშვილი, რომელმაც მონაწილეებს ბოლო 12 თვის მანძილზე სისტემაში შეტანილი რამდენიმე ახალი ფუნქცია გააცნო. ეს მოიცავს როგორც პროცედურულ ასპექტებს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საიმიგრაციო სამსახურებთან საკომუნიკაციო საშუალებებს და სისტემის მოდულების ტექნიკურ მხარდაჭერას.  სისტემის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის კონსულტანტმა განავითარა ყოვლისმომცველი სახელმძღვანელო საგარეო საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის. აღნიშნული ტრენინგის მიზანი იყო ინსტიტუციური ცოდნის გაძლიერება საქართველოს მთავრობის იმ სტრუქტურებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეადმისიის მართვაზე.

ევროკავშირმა არაერთხელ ისაუბრა რეადმისიის საქმეების მართვის სისტემის როლზე ევროკავშირს და საქართველოს შორის რეადმისიის მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის პროცესში. ევროკავშირის ბოლო ანგარიშში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 10 ივლისს გამოიცა, ნახსენებია შემდეგი: „ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველომ განავითარა რეადმისიის საქმეების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელსაც ამ ეტაპზე 17 წევრი ქვეყანა წარმატებით იყენებს. განსაკუთრებით დასაფასებელია განაცხადებზე საქართველოს სწრაფი რეაგირება. რეადმისიის მოთხოვნების 98%-ს საქართველო დადებითად პასუხობს. სხვა მესამე ქვეყნების მიერ სისტემა ხშირად გამოიყენება, როგორც კარგი პრაქტიკის და ტექნოლოგიის მაგალითი.“