ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ონლაინ სემინარი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დახმარების ფსიქო-სოციალური ასპექტების განხილვა“

IOM-ის და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, 25 ნოემბერს ჩატარდა ონლაინ კურსი თემაზე: „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დახმარების ფსიქო-სოციალური ასპექტები“. ონლაინ სივრცეში 38 მონაწილე შეიკრიბა სხვადასხვა სამინისტროებიდან და სააგენტოებიდან, რომლებიც მუშაობენ მსხვერპლთა დახმარების, სოციალური მუშაობის და სასამართლო პროცესის დროს მოწმეთა დახმარების კუთხით.

ქართველმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) ასპექტები, რომლებსაც განიცდიან ტრეფიკინგის მსხვერპლები და სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს გაუზიარა პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხთან ეფექტური გამკლავება.

IOM ყირგიზეთის ოფისის წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო ის კონკრეტული გამოწვევები, რომელსაც ტრეფიკინგის მსხვერპლები ხვდებიან საქართველოდან სამშობლოში დაბრუნების მერეც, საზოგადოებაში რეინტეგრაციის, ხელახლა ფეხის მოკიდების კუთხით. ბოლო პერიოდში, საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან ქალები ყველაზე ხშირად ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლები  და ქართველი პრაქტიკოსები ხშირად აწყდებიან სირთულეებს მათთან კომუნიკაციის და ნდობაში შესვლის პროცესში.

2021 წელს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, IOM გეგმავს ამ თემაზე განმეორებითი ინტერაქტიული კურსის ჩატარებას თემის ექსპერტების ჩართულობით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ასევე პრაქტიკოსები სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, სოციალური ზრუნვის სააგენტოებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

ეს აქტივობა საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე წლიანი პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ ფარგლებში ჩატარდა.