ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირი და IOM განაგრძობენ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების ხელშეწყობას

2020 წლის 27 ოქტომბერს IOM-მა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სამუშაო შეხვედრა მოაწყო. ღონისძიების მიზანი ევროკავშირის მიმართულებით უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებაში ალბანეთის გამოცდილების დეტალური ანალიზი იყო.

ალბანეთის სასაზღვრო და მიგრაციის პოლიციის წარმომადგენელმა ქართველი კოლეგებისთვის დეტალურად მიმოიხილა ის პროცედურები, რომელიც უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად ალბანეთში ტარდება, რათა აღნიშნული შეთანხმების პირობები შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების რეგულაციებს ერგებოდეს. საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებსაც, რომელიც ევროკავშირის მიმართულებით მიმავალმა ალბანელებმა საკუთარი ქვეყნის საზღვრის კვეთისას თვითმფრინავში ან სხვა სახის ტრანსპორტში ჩასხდომამდე უნდა გაიარონ.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა. შესწორებების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების სამგზავრო დოკუმენტები უნდა შეამოწმონ, რათა დარწმუნდნენ, რომ აღნიშნული საბუთები ევროკავშირის რეგულაციებს აკმაყოფილებს. კანონპროექტში შესწორებების შეტანის მიზანი უკანონო მიგრაციისა და უვიზო მიმოსვლის შეთანხმების გადახედვიდან თავის არიდებაა.

ეს ღონისძიება პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ გაგრძელების ფარგლებში განხორციელდა. IOM-მა უკვე დაგეგმა სამომავლო აქტივობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობისთვის.