ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ შემდეგი სახის რეინტეგრაციის დახმარება:
თქვენი საჭიროებების მიხედვით, მობილურობის ცენტრის კონსულტანტები გაგაცნობენ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას და მოგაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად შეგიძლიათ მიიღოთ პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთები, მართვის მოწმობა ან სხვა საჭირო დოკუმენტაცია. ამას გარდა, მობილურობის ცენტრის კონსულტანტები თქვენს მიერ შეძენილი გამოცდილებისა და პროფესიული შესაძლებლობების შესაბამისად შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მორგებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და რომელიც ხელს შეუწყობს თქვენ რეინტეგრაციას ქართულ რეალობაში.
თუ თვლით, რომ კვალიფიკაციის ამაღლება ან ახლი პროფესიის შესწავლა ხელს შეგიწყობთ დასაქმებაში, პროექტის ფარგლებში შესაძლებელია პროფესიული სწავლების დაფინანსება/თანადაფინანსება. შესაძლებელია ასევე კონკრეტულ კომპანიასა თუ დაწესებულებაში სამუშაო ადგილზე სწავლების (შეგირდობა, სტაჟირება) დაფინანსება/თანადაფინანსება.
თუ თქვენ ხართ შრომისუნარიანი და გსურთ დასაქმება, მობილურობის ცენტრში დარეგისტრირების შემდეგ, ცენტრის კონსულტანტები მოგაწვდიან ინფორმაციას ვაკანსიის მოძიების წყაროების შესახებ, დაგეხმარებიან სამუშაოს ძებნისათვის საჭირო დოკუმენტაციის (რეზიუმე, სამოტივაციო წერილი) მომზადებაში, საჭიროების შემთხვევაში, გადაგამისამართებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო და კერძო სააგენტოებში; შემოგთავაზებენ პრაქტიკულ ტრენინგს სამუშაოს ძებნის, ინტერვიუს წარმატებით გავლის და თვითპრეზენტაციის უნარების გაუმჯობესების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებიან დამსაქმებელთან გასაუბრების ორგანიზებაში. ცენტრის დახმარება არ არის დროში შეზღუდული და აღნიშნული მომსახურების მიღება შეგიძლიათ პროექტის განხორციელების პერიოდში.
პროექტის ფარგლებში შესაძლებელია მცირე ბიზნესის დაწყება ან არსებულის გაფართოება, თუკი მხარდაჭერის ეს გზა ცენტრის კონსულტანტების მიერ აღიარებული იქნება თქვენი რეინტეგრაციის ეფექტურ წინაპირობად. თავდაპირველად საჭიროა ბიზნეს-იდეის ცენტრის კონსულტანტებისათვის წარდგენა. იდეის შეფასების შემდეგ ხდება ბიზნეს-განაცხადის შევსება. ცენტრის თანამშრომლების მიერ ხორციელდება ადგილზე ვიზიტი და წინასწარი მონიტორინგი. სპეციალური კომისია ბიზნეს-განაცხადისა და მონიტორინგის შედეგების განხილვის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ბიზნესის განხორციელებისათვის მცირე გრანტის (არაუმეტეს 3000 ლარისა) გაცემის თაობაზე. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბენეფიციარებს უტარდებათ უფასო ბიზნეს-ტრენინგი ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საკითხებზე, რის შემდეგაც იწყება ბიზნეს გრანტის გაცემისა და ბიზნეს-გეგმის განხორციელების სამუშაოები. ცენტრის თანამშრომლები უზრუნველყოფენ გრანტის მიზნობრივი ხარჯვისა და დაფინანსებული ბიზნესების პერიოდულ მონიტორინგს.
თუ თქვენ არა უმეტეს 9 თვის წინ დაბრუნდით სამშობლოში და გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მობილურობის ცენტრში შესაძლებელია ინფორმაცის მიღება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თქვენთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობებისა და პირობების შესახებ, ასევე სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კომპანიების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შეუძლებელია თქვენთვის საჭირო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება, პროექტის ფარგლებში შესაძლებელია სამედიცინო მომსახურების დაფინანსება დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.
გადაუდებელ შემთხვევებში პროექტის ფარგლებში შესაძლებელია ბენეფიციარის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა შემდეგი გარემოების გათვალისწინებით:
თუ თქვენ საქართველოში დაბრუნდით უცხო ქვეყანაში ხანგრძლივი დროით ყოფნის შემდეგ და არ გაქვთ საცხოვრისი, შესაძლებელია საწყის ეტაპზე თქვენი უზრუნველყოფადროებითი თავშესაფრით ან ქირით (ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროექტით დადგენილი ფინანსური ლიმიტის ფარგლებში).
|